ევროპის მწვავე რეაქციის შემდეგ, პეკინმა უარყო ჩინეთის ელჩის კომენტარები, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა

ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან.

ეს განცხადება მოჰყვა ევროპული ქვეყნების მიმართვას პეკინისადმი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა.


ოფიციალური პირები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ევროკავშირიდან, აღაშფოთა ჩინეთის ელჩის განცხადებამ, რომლის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს „საერთაშორისო სამართალში ეფექტური სტატუსი არ გააჩნიათ“. CNN-ის ცნობით, ელჩმა ეს განცხადება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, კერძოდ, არის თუ არა ყირიმი უკრაინის ნაწილი.

კითხვას, წარმოადგენს თუ არა ელჩის განცხადება ჩინეთის ოფიციალურ პოზიციას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უპასუხა, რომ პეკინის ოფიციალური პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებშია წარმოდგენილი. ამავე დროს, მან პირდაპირ არ უარყო ლუ შაის განცხადებები.

ინტერნეტმომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რომ პარიზში საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელებიდან გაქრა ელჩის ინტერვიუს ჩანაწერი.

„ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობდა საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის“, - აღნიშნავდა ელჩი ჩანაწერში.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ჩინელი დიპლომატის კომენტარს მიუღებელი უწოდა.

„ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ეს განცხადებები არ წარმოადგენს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთს მოუწოდა, განემარტა, ასახავს თუ არა ეს კომენტარები მის პოზიციას.

„საფრანგეთში ჩინეთის ელჩის კომენტარები სრულიად მიუღებელია. ჩინური მხარისგან ახსნას და ამ განცხადების სრულ უარყოფას ველით“, - დაწერა თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა Twitter-ზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშან, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სტატუსი განმტკიცებულია საერთაშორისო კანონმდებლობით.

„უცნაურია „ყირიმის ისტორიის“ აბსურდული ვერსიის მოსმენა იმ ქვეყნის წარმომადგენლისგან, რომელიც სკრუპულოზურია საკუთარ ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებით“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.