Europetime-თან საუბრისას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი სპიკერი პიტერ სტანო, საქართველოში ევროკავშირისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ უახლესი კვლევის შედეგებს აფასებს. სტანოს შეფასებით, უახლოესი კვლევა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო მისწრაფების კიდევ ერთი დადასტურებაა. სტანომ Europetime-თან საუბრისას, ასევე შეჯამა 24 აპრილს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.
„ბოლო გამოკითხვა მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რაც მანამდეც აშკარა იყო - საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მკაფიო ევროპული მისწრაფებები. გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში განიხილეს (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად) ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე განიხილეს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობა და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მნიშვნელოვანი მუშაობა რეფორმებზე; პრიორიტეტების შესრულების პროცესში პოზიტიური სიგნალები გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.
- ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება