IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია, რუსეთის მიმართ თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობა კი, შემცირებულია, რაზეც ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რიგი ფაქტორები მოქმედებს.
Europetime-თან ინტერვიუში, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული არაადამიანური და უსამართლო ომი უკრაინაში, რითაც მოსკოვი საერთაშორისო სამართლის სრულ იგნორირებას ახდენს: „აქედან გამომდინარე, ექსპერტი ასკვნის, რომ ამ ფაქტორებმა იმოქმედა მოსახლეობაზე. მეორე ფაქტორი, რომელსაც ექსპერტი შენიშნავს, შემდეგია:
„ხალხი დაიძაბა, დაფიქრდა, ხედავენ, რომ ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენა იზრდება და ამის გარშემო კიდევ უფრო მეტი დისკუსია, ახსნა-განმარტება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს უწევთ თავის ცნობიერებაში არჩევანის გაკეთება - ღირს თუ არა რუსეთთან რაღაც ურთიერთობების გაგრძელება თუ ნებისმიერი სახის ურთიერთობებს მიყავს საქართცელო საბოლოო ჯამში რუსეთის დაქვემდებარებისკენ, ასეთი აღარ უნდათ. მე ვფიქრობ, აქედან გამომდინარეობს რუსეთთან თანამშრომლობის შემცირება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
რაც შეეხება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ზრდას, მკვლევარი ამის დამატებით მიზეზებზეც მიუთითებს. მისი შეფასებით, რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება.
„ხალხმა დაინახა, რომ მართლა გამოჩნდა ევროკავშირში გაწევერიანების შესაძლებლობა და იმედიც გაეზარდათ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
მისივე თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა და რუსეთის მხარდაჭერა ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციებია და რაც უფრო იზდრება პირველის მიმართ მხარდაჭერა, მცირდება ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესი.
„უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი“, როგორც ფაქტორი“
კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი.
„ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ.
ამასთან, რა თქმა უნდა ამ დისკუსიებმა გამოაჩინა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი და ის რომ, ხელისუფლების განშტორებას „ხალხის ძალას“ რეალურად არ აქვს რაციონალური საფუძველი, თუ რატომ აჟღერებს ევროსკეპტიკურ აზრებს“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
საბოლოო ჯამში, ექსპერტი ფიქრობს, რომ „მოხდა ამ ძალის დისკრედიტაცია, გამოჩნდა, რომ მოქმედებენ საქართველოს საზიანოდ: „არ აქვს მნიშვნელობა, გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად, ისინი პარლამენტში მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ხალხმა რეალურად გააკეთა თავისი არჩევანი, დაინახეს, ვინ რას წარმოადგენს“, - ამბობს მკვლევარი.
კვლევის ჩატარების პერიოდი და „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა პარლამენტში
ნიშანდობლივია, რომ IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა იმ დროს, როცა „უცხოური აგენტების კანონის“ შესახებ კანონპროექტზე დისკუსია გამძაფრებული იყო და საინფორმაციო ბრძოლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. კახა გოგოლაშვილის თქმით, მოსახლეობა სწორედ მაშინ იყო კონცეტრირებული მიმდინარე პროცესებზე, რამაც სავარაუდოდ, იმოქმედა ხალხის მიერ გაკეთებულ სწორ არჩევანზე.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.
მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია.
„აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა.
მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას. 77% ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს.
„რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება".
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის. შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან (34% – სრულად, 25% – ნაწილობრივ) 53-მდე (26% – სრულად, 27% – ნაწილბროვი).
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას 13% ემხრობა.
ბიზნესის რეგისტრაციის უფლებას - 7%;
უძრავი ქონების შეძენის უფლებას - 4%;
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი - 79%.
ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში.
„ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა სტივ ნიქსმა.
კერძოდ, პროცენტული მაჩვენებელი ასეთია:
რუსეთის მოქალაქეებს ძლიერ მიესალმება – 4%, როცა წინა წლის სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა.
IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა.
კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო.