რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრისას განხილული იყო მოახლოებული NATO-ს ვილნიუსის სამიტი.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები.

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ კუთხით“, - წერია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. 
 
პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან.
 
„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი,  რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიზიტითა და შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია.

მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასევე პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის ღირებულებას და იმას, თუ რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის კომპონენტები და ის დინამიკა, რომელიც საქართველოს და NATO-ს აქვს მიმდინარე, მოცემულ მომენტში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.