უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს.
მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო.
„უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს.
არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.