"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება საქართველოს შესახებ, ძალიან დამაიმედებელია, რადგან აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, არც რუსეთთან თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატში და არც საჯარო გამოსვლებში, საქართველოს თემატიკა არ გაჟღერებულა"
ამის შესახებ Europetime-ს საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსმა, გიორგი ბადრიძემ განუცხადა.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან ბლინკენის საუბრის კომუნიკე, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს და უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესია განიხილა, როგორც პრობლემური საკითხი. ანუ პირველივე კვირებში ეს პრობლემა და საქართველოს საკითხი დგება აშშ-ს და რუსეთის ორმხრივ დღის წესრიგში, როდესაც კეთდება განცხადება, საჯაროდ, ამ თემაზე ძალიან დამაიმედებელია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ლოგიკურ განვითარებას მიიღებს", - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.
4 თებერვალს, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის აგრესიაზე თვალს აღარ დახუჭავს.
"ამავდროულად, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ განვუმარტე პრეზიდენტ პუტინს, რომ აშშ აღარ დახუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა დასრულდა. ჩვენ აღარ დავაყოვნებთ და ჩვენს ინტერესებსა და ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ. ჩვენ უფრო ეფექტიანი ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობისას, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ", - განცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ახალ აქცენტებს, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ახალ დღის წესრიგს და საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის გაზრდით გამოწვეულ სამომავლო შედეგებს Europetime-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვრცლად მიმოიხილავს.
დიპლომატის და ანალიტიკოს-მკვლევარის, გიორგი ბადრიძის განმარტებით, ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე ძალიან რთული ამოცანები დგას.
რა კონკრეტული შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდამ
"როდესაც ამერიკა ნაკლებ ყურადღებას გაქცევს. ვიდრე სხვა მნიშვნელოვან პარტნიორს, ნიშნავს იმას რომ რუსეთის მსგავს ქვეყნებს, უჩნდებათ შესაძლებლობა უფრო აგრესიულად და თამამად გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
ჩვენს რეგიონში დაწყებულია გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელთა გამოყენებასაც რუსეთის ცდილობს, კერძოდ, ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნას, საქართველოს გვერდის ავლით, ისე რომ მოხდეს საქართველოს იზოლაცია.
ვგულისხმობ დერეფანს, რომლითაც რუსეთი აზერბაიჯანის გავლით შეძლებს დაუკავშირდეს თურქეთს, რკინიგზით. და პირიქით. პირველი იდეა ის იყო, რომ სომხეთ აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დასრულების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას, კავშირებს ნახიჩევანთან და ამგვარად. თურქეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას. თურქეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირის პრობლემა აქამდეც არც ჰქონიათ. ახლახან დასრულდა ბაქო-თბილის-ყარსის მშენებლობა. ეს ახალი მარშრუტი რუსეთისთვის უფრო არის საინტერესო.
არ მინდა უფრო მეტი დეტალი გავაჟღერო. რეალურად რუსეთის ინტერესია აზერბაიჯანთან ერთად შეასრულოს კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების დამაკავშირებელი როლი და საქართველოს მაქსიმალური იზოლირება მოხდეს, იმისთვის, რომ ამით საქართველოს დაუკარგოს საერთაშორისო ფუნქცია, რომლის გამოც მას, როგორც საერთაშორისო ერთეულს, უფრო მაღალი ფასი აქვს, სხვა ქვეყნების თვალში" - განმარტავს ანალიტიკოსი.
აშშ-ის როლი კავკასიაში რუსეთის გავლენების შესასუსტებლად და შესაძლო პასუხი რუსეთის აღნიშნულ სტრატეგიაზე
"90-იან წლებში ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომლებმაც აზერბაიჯანს და ნაწილობრივ საქართველოსაც აუმაღლა სუვერენიტეტის დონე, აშშ-ის ინიციატივა იყო. სწორედ ამ პროექტებმა მისცა აზერბაიჯანს შესაძლებლობა, რომ გაემყარებინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ახლა დაიბრუნა დაკარგული ტერიტორია. რომ არ ყოფილიყო კლინტონის ადმინისტრაცია, ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ან შედგებოდა ბევრად უფრო გვიან, ან სხვანაირად.
ფაქტია, რომ 90-იან წლებში ამ პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო ამერიკის მსოფლიო ლიდერობამ. აშშ-ის ადმინისტრაციას სერიოზული მუშაობა მოუწია უამრავი კომპანიის დასარწმუნებლად, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ინვესტირება, ნამდვილად ღირდა.
ამერიკა უნდა დაბრუნდეს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტი. მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას შეუძლია დიდი პოლიტიკური ფასის გარეშე ავნოს საქართველოს ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ეს ნაბიჯები არის ძალიან დამაიმედებელი და ამას განვითარება მოჰყვება. განვითარებაში ვგულისხმობ, რომ გაძლიერდეს ამერიკის მიერ საქართველოს ინტერესების ლობირება. მათ შორის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან მუდმივად იქნებიან ევროპის ქვეყნებში ისეთები, რომლებიც შეეცდებიან წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს. ამერიკის აქტიური ლობირების გარეშე, საქართველო ვერ მოხვდება ნატო-ში. ამერიკის აქტიური პოზიციის გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. ჩვენ სხვა ქვეყნებზეც უნდა ვიმუშაოთ და ამას ადეკვატურად და ეფექტურად ვერ ვაკეთებთ. გერმანიასთან და საფრანგეთთან უამრავი სამუშაოა. სულ მცირე, დამაიმედებელია ამერიკის პირველივე ნაბიჯებს შორის, საქართველოს საკითხის დაყენება, რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში" - განუცხადა Europetime-ს გიორგი ბადრიძემ. .
აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ამოცანები: ობამას და ტრამპის პოლიტიკის რეზულტატის შემდეგ, ბაიდენის სტრატეგია
"ამ ეტაპზე როგორი იქნება ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკმაოდ დამაიმედებელი განცხადებებით, რომელიც კეთდებოდა საარჩევნო პერიოდში, ბაიდენის და ენტონი ბლინკენის მიერ. ამ განცხადებებში რეგულარულად იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკა უნდა დაუბრუნდეს მსოფლიო ლიდერის პოზიციას, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ს დაკარგული ჰქონდა. მეორე რაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ მომავალი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისთვის, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ბაიდენის გუნდის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ობამას ადმინისტრაციაში მუშაობისას.
ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა არანაირი განსაკუთრებული წარმატებით არ გამოირჩეოდა, განსაკუთრებით პირველი ვადა, როდესაც ნამდვილი შეცდომა იყო დაშვებული. მართალია განპირობებული იყო საუკეთესო სურვილებით მაგრამ რეალურად შეცდომა იყო რუსეთისთვის გადატვირთვის პოლიტიკის შეთავაზება, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიიდან სულ რამდენიმე თვეში. შედეგად ნახეთ, რომ რუსეთმა ის გადატვირთვა, კეთილი ნების გამოხატულება, აღიქვა როგორც აშშ-ს სისუსტე და შესაძლებლობად. შემდგომ ჩვენ უკვე ვიხილეთ რუსეთის ახალი აგრესია უკრაინასთან.
ბაიდენი ობამას გადატვირთვის პოლიტიკის მომხრეთა შორის არასდროს ყოფილა. აღნიშნული პოლიტიკა ობამას სხვა გუნდის წევრებმა შეიმუშავეს. ბაიდენი ამ გადატვირთვის იდეოლოგებს შორის არ ყოფილა. მას საკმარისი გამოცდილება ჰქონდა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, მრავალი წლის გამავლობაში. ამ გამოცდილების საფუძველზე ილუზია არ ექნებოდა რომ კეთილი ნების პასუხად რუსეთი კონსტრუქციულად იმოქმედებდა", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ბაიდენის მემკვიდრეობა სასტარტო პოზიციაზე
"ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე, ძალიან რთული ამოცანა დგას. რადგან გარდა იმ ზარალისა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო რეპუტაციას მიადგა ტრამპის პოლიტიკის გამო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. არსებობდა ობიექტური ახალი რეალობები, რომლებიც ართულებდა შეერთებული შტატების ლიდერობას. ერთია რომ ობამას ჰქონდა ლიდერობაზე უარის თქმის ტენდენცია, მისი პირადი მსოფლმხედველობიდან გამომდინარეობდა. ის დემოკრატიული სამყაროს ლიდერობას ერთგვარ მატერიალიზმის გამოხატულებად მიიჩნევდა, რაშიც ბაიდენი ყოველთვის განსხვავებული აზრის იყო. ამან შეერთებულ შტატებსაც საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოუტანა და ობამას მეორე ვადის დროს დამოკიდებულება შეიცვალა. ტრამპმა პირდაპირ იზოლაციონიზმისკენ წაიყვანა შეერთებული შტატები. არც ამერიკა უპირველეს ყოვლისა ლოზუნგს მოუტანია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის რაიმე დადებითი შედეგი, რაიმე სასიკეთო. ახლა ბაიდენის წინაშე არის უამრავი პრობლემა, მაგრამ ყველაზე მთავარი მათ შორის ,არის საშინაო პრობლემები, მათ შორის პანდემიით გამოწვეული პრობლემები. მეორეს მხრივ ტრამპის მიერ გაღრმავებული შიდა დაპირისპირება. თუ შეძლებს ბაიდენი ერთის მხრივ ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის შედეგების გადალახვას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შიდა ერთიანობის აღდგენა. მაშინ უფრო რეალისტური გახდება ის გიგანტური ამბიცია, რომელიც გამოცხადებული იყო იმ განცხადებაში, რომელიც ბაიდენმა თქვა, რომ "ამერიკა ბრუნდება" იგულისხმება, ბრუნდება, როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერი", - აღნიშნავს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე Europetime-სთან საუბრისას.