პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 26 აპრილს ეწვია თბილისს, ოფიციალური შევხედრები 27 აპრილს მის ქართველ კოლეგასთან აუდიენციით დაიწყო. ზბიგნევ რაუმ საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. ამასთან, აღნიშნა, რომ ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით სურს, განიხილოს პრობლემური საკითხები და მისი გადაჭრის გზები.
„ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა.
მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში.
ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა.
ზბიგნევ რაუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
პოლონური მხარის განმარტებით, რომელიც რაუს ორდღიანი ვიზიტის დაანონსებას მოჰყვა, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, NATO-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან~, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა.
ამავე ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ.
„განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.