ევროპარლამენტარები წულუკიანის განცხადებას არაეთიკურს და სამწუხაროს უწოდებენ

ევროპარლამენტარები წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა, არჩილ თალაკვაძეს წერილი მისწერა, რომელშიც თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამხელისთვის შეშფოთება გამოხატეს.

წერილის ავტორები ვიოლა ფონ კრამონი, სვენმიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი და პეტრას ოსტრავიჩიუსი არიან.

„სამწუხარო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში", - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ ასევე სამწუხაროა, როდესაც კარლ ჰარცელს, ობიექტური შეფასებისთვის მოუწია დამატებითი ახსნა-განმარტების გაკეთება.

„ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ მის პირად აზრს, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის“, - ნათქვამია წერილში.

წერილის ბოლოს, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ მალე იხილავენ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს.

2 თებერვალს, თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას ნომერი პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რაც კარლ ჰარცელმა არაეთიკურად მიიჩნია.