ჟოზეპ ბორელი: მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. ინფორმაციას EuroNews-ი ავრცელებს.

„ჩვენი ურთიერთობა ამჟამად უკიდურესად დაძაბულია, ხოლო ნავალნისთან დაკავშირებულ ვითარებაზე აღვნიშნავ, რომ სრული და გამჭვირვალე გამოძიება საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა ბორელმა.

ბორელი ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ადამიანთა უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - აცხადებს ჟოზეპ ბორელი.

„სანქციები ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი ევროკავშირის მხრიდან", - ამბობს ბორელი. მისი თქმით ევროპის ლიდერები შესაძლოა მომავალში მოსკოვში ჩავიდნენ.

ჟოზეპ ბორელის ვიზიტს წინ უსწრებდა ნავალნის მხარდასაჭერი აქციები, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობდა. აქციების დროს ასობით დემონსტრანტი დააკავეს.