წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონას გზავნილები თბილისში

„წადით კიდევ უფრო წინ. ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება“, - ამ სიტყვებით მიმართა 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საუბარი ვიზიტის პირველი საათების შეფასებითა და განმარტებით დაიწყო, თუ რატომ სურდა არასამთავრობოებთან შეხვედრა. „დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს ყოველთვის პლუსია“, - ასეთი  იყო კატრინ კოლონას გზავნილი. უფრო კონკრეტულად კი, ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა:

„საქართველოში პირველად ვარ, მინისტრს აქ პირველად გავესაუბრე, თუმცა პარიზსა თუ სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით. მაგალითად, ორშაბათს, ლუქსემბურგში გავმართეთ შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე.

ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მინდოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა რომ აქვს დინამიკური, სერიოზული ორგანიზაციები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ. თუ შეიძლება, რომ რეკომენდაციის სახით ვთქვა: ყველა დემოკრატიაში უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც უნდა მოვისმინოთ, რომ წინ წავიწიოთ.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს ყოველთვის პლუსია“, - განაცხადა კატრინ კოლონამ და რთულ რეგიონულ კონტექტს გაუსვა ხაზი.

„მე მოვედი, რომ მხარდაჭერის გზავნილი გადმოგცეთ, და პირველ რიგში, ეს გზავნილი გადავცე საქართველოს, არსებული რთული კონტექსტის გათვალისწინებით. და ჩვენ გვსურს, ამ ვიზიტით, მაგრამ ასევე იმ ურთიერთობით, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან მიმართებით. როგორც უკვე არვნიშნე, რეგიონში არსებული კონტექსტი არის რთული, კომპლექსური და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს.

ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა ეს ომი, საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაასრულოს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და ახლაც იხდის ფასს იმ პოლიტიკისა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა და აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.


მინისტრმა განმარტა, რომ დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განიხილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხი.

„ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩამოვედი, დავინახე, ბევრი ევროპული დროშა. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები. და პროცენტული მაჩვენებელი 85%, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს, გვაძლევს მომავლის ხედვას.

საქართველო ერთიანია ამ საკიხთან მიმართებით. ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რათა ამ გზაზე დაგეხმაროთ. აუცილებელია პროგრესი, წინსვლა“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

„ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება და რეფორმები, რომლებიც მათ შორის უზრუნველყოფს ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ ამ გზის გავლაში დაგეხმაროთ“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.


მისივე თქმით, დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო სფეროში წინსვლაზე, თუმცა კატრინ კოლონამ სხვა მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზეც მიუთითა.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების „გამრავალფეროვნების“ მნიშნელობას გაუსვა ხაზი.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ სხვადასხვა სფეროში - ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს აზიასა და ევროპას შორის და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი მხოლოდ განვითრებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ან ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ პარტნიორების რიცხვი ვიქნებით“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.


უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა საფრანგეთის სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა შედგება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის „კი-ს“ იმედი. თბილისში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეკითხვასაც უპასუხა.

კატრინ კოლონას პასუხი იყო, რომ „რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა.

„პარადოქსულად, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში, დადებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო და ამან ასევე იქონია სხვადასხვა გავლენა. საქართველო და ქართველები, რომლებიც ოცნებობდნენ ევროპაზე, წინ წავიდნენ. მინისტრმა მითხრა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერაზე, რომელიც გვაძლევს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს. ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში, რათა ეს ოცნება გახდეს რეალობა“, - აღნიშნა ფრანგმა დიპლომატმა.


ამავე პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საფრანგეთს აქვს ამბიცია, ააშენოს ახლი საელჩო თბილისში.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა ააშენოს ახალი საელჩო საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ მალე წავალთ წინ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური იქნება. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.


მან სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა.

„მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი.

ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


კატრინ კოლონამ 28 აპრილს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა.

ფრანგი დიპლომატი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს აუდიენციას. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.


ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.

საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.