საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით, რადგან მათივე შეფასებით, არჩევნები საერთო საქმეა.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. შესაბამისად, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა.
„პირველ რიგში გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი ტექნოლოგიების გამოყენებით. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.
რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცედურებს, შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
კენჭისყრა სულ 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე.
დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანზე (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლაც. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც პლანშეტით პირდაპირ ცესკოში გამოიგზავნება.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დღეს ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ,“- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.