უმანში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

უმანში რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.

„რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დადასტურდა 23 ადამიანის გარდაცვალება, რომელთაგან 22 ცხედარი იდენტიფიცირებულია. იდენტიფიკაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ დაიღუპა ხუთი ბავშვი: ორი ბიჭი (წლინახევრის და 16 წლის) და სამი გოგონა (8, 11 და 14 წლის). ერთი ქალი დაკარგულად ითვლება. ძებნა გრძელდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორმა კლიმენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდეს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს.