30 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.
ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აცხადებს სუს-ი.
ამავე სოფლის მკვიდრი, დიმიტრი მამაგულაშვილი 18 აპრილს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს. მამაგულაშვილი 21 აპრილს გაათავისუფლეს.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება, მათ შორის არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.