აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს.
ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც ისაუბრეს.
მდივანმა ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საგუშაგო აზერბაიჯანის სუვერენული უფლებებისა და ყველა საერთაშორისო წესების შესაბამისად შეიქმნა.