რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა. მისივე ცნობით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავიდა.
„უნეჩის რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მსხვერპლი არ არის", - დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, „რუსეთის რკინიგზამ“ ოპერატიული შტაბი შექმნა.