საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით, ისრაელის სახელმწიფოს ეწვია.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას.
„ხელმოწერის ცერემონიამდე, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, რომელიც ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს მოიცავს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ისრაელელ კოლეგას ელი ქოენს და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი „იად ვაშემის“ ჰოლოკოსტის მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.