ნორვეგიის ელჩი: ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ელენ სანდ ანდრესენი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება მიუღებელია.

ამის შესახებ მან განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა.

„საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება 12,5 წლამდე, მიუღებელია. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას ცხინვალის ციხიდან მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და საკუთარ ოჯახში უსაფრთხოდ დაბრუნებასთან დაკავშირებით,“ - წერს ნორვეგიის ელჩი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.