ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, მის ფენომენს არ იცნობენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"რა სურვილიც აქვთ მათ, თუ რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს და რატომ აკეთებენ, შედეგს ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგას, ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა," - განაცხადა კალაძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი sanctions.nazk.gov.ua მუდმივად აახლებს იმ პირთა სიას, რომელთა სანქცირებისკენაც უკრაინა დასავლურ თანამეგობრობას მოუწოდებს. ამჟამად სია 18,476 პირისგან შედგება, რომელიც ძირითადად რუსეთის მმართველობის და ელიტის ფართო წრეებს მოიცავს.
ამ სიაში მოხვდა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, მათ შორის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და კომპანია “სისტემას” ერთ-ერთი ყოფილი აღმასრულებელი დავით ხიდაშელი.