როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება?! - კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

"ამ ორგანიზაციას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც თავისი ქმედებებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაადასტურა და აჩვენა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან, ევროპასთან და ევროპულობასთან ამ ადამიანებს და ამ დაჯგუფებას არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან," - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.