გიტანას ნაუსედა: საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება, დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება

საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა ჩამოერთვას, ვინაიდან, ეს იმედგაცრუებას გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ახლა ქუჩებშია და თავის პროტესტს გამოხატავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


„კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არ მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიციროთ, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს,” - განაცხადა ნაუსედამ.


ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება უდრის “ქართულ სივრცეში რუსული კულტურის, რუსული მეთოდიკის გადატანას.”


“ეს საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილია.

საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება, დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება,” - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავისას მიაღწევს.


„ისინი ერთგულნი არიან მსგავსი სახის მცდელობების წინააღმდეგ იბრძოლონ, ევროპა ამის გაკეთებაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს შანსი აქვს, საქართველოს დღეს აქვს შანსი.. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება, იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას, იმოქმედოს,” - განაცხადა ნაუსედამ.

შეგახსენებთ, 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ბორელს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გასული წლის ბოლოს მიენიჭა.