„ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
კობახიძის თქმით, მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი განუმარტა. მისივე თქმით, ის მზადაა, ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით.
„ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
OSCE/ODIHR-მა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა
შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.