აშშ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან გავრცელებული ანტიდასავლური რიტორიკის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციცაზე განაცხადა.
მას ჰკითხეს „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე „შეფასება არ აქვს.“
„მხოლოდ იმას ვიტყვი, როგორც უკვე ვთქვით ბოლო რამდენიმე დღეში, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით - არამხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება, არამედ, ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის. ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს და საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და, ძალიან აშკარად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს,” - განაცხადა მილერმა.შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.