იმედი გვაქვს, ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “ფორბს კვირის” წამყვანს გიორგი ისაკაძეს განუცხადა.
ინტერვიუში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტის პროექტსაც ეხება, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებენ, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია გადაიხედება.
“ვფიქრობთ, მომავალ წელს, მეორე ნახევარში ალბათ უკეთესი კონიუნქტურა იქნება. მანამდე დრო დაგვჭირდება, რომ 2014 წელს მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვა მოხდეს და ისევ გავიაზროთ ამ პროექტის ეკონომიკა, რომ უფრო ადეკვატური გავხადოთ. შემდეგ შევუდგებით ინვესტორების ძებნას და დიდი იმედი გვაქვს, ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან. რატომ? ლოგიკაა ამაში. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაცია, ყოფილი OPIC, აფინანსებს PACE-ის ტერმინალს ფოთში. ამერიკის მთავრობა USAID-ის მეშვეობით გვეხმარება ყველა ქართულ პორტში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაში, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს გემების მომსახურება. შესაბამისად, აშშ-ის აქტივობა არის საკმაოდ მაღალი საპორტო ინფრასტრუქტურაში. ალბათ ლოგიკური იქნება, კვლავ ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ ამ პროექტითაც”,- აცხადებს თურნავა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში, რომელიც ჩაიშალა, უკვე წარმოდგენილი იყვნენ ამერიკელი ინვესტორები SSA Marine-სა და Konti ჯგუფის სახით, თურნავა პასუხობს:
“ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ვერ შედგა პროექტი, ეს პროექტი რომ შემდგარიყო, უკვე 3 წლის წინ უნდა გვქონოდა მოქმედი პორტი და გავასწრებდით ბევრ კონკურენტს შავ ზღვაზე”,- განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება სწორედ წელს გაწყვიტა. მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კი აცხადებს, რომ ინვესტორების მოზიდვა და ვალდებულების შესრულება სწორედ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ვერ მოახერხეს. ისინი საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებენ საჩივრის შეტანას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან სრულ ინტერვიუს მაყურებელი შაბათს, 19:30 საათზე, გადაცემა Forbes Talk-ში მოისმენს, რომელიც BMG-ისა და FORBES GEORGIA-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით გავა.