დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს. ეს იმიტომ ხდება, რომ მან სამშობლოს არ უღალატა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც საზოგადოებამ კარგად იცის - უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო. საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას და დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან 2011 წელს დაიწყო. Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობის ყოფილიყო. ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს. მათ შორის შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხების თაობაზე, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა.
მან Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ საფინანსო ინსტიტუტმა ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა. ბიძინა ივანიშვილი 800 მლნ დოლარის ოდენობის თანხაზე დავობს და აცხადებს, რომ თანხა ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა.