სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-7.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.0 პროცენტი). ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (1.1 პროცენტი), ასევე ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1.1 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.9 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაზრდილია როგორც ტანსაცმლის (2.7 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.