ჯეიმს აპატურაი: გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთ რეფორმას

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან ისაუბრა მისი ვიზიტის ძირითად სამ მიზანზე.

მისი თქმით, პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური სივრცე. აპატურაის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობდნენ, უფრო აქტიურად მუშაობდნენ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად.

ჯეიმს აპატურაის საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა NATO-ს ყველა მოკავშირისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროთ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის.

მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი NATO- საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი. ასე რომ, ამ დილით ინფორმაციული დღე იყო სამეცნიერო მშვიდობის პროგრამაში, ქართველი მეცნიერები NATO-ს მეცნიერებთან თანამშრომლობენ, ვფიქრობ, ეს არის წარმატება და ინტერესის შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი.

შეხვედრებზე ვიმსჯელეთ ასევე სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც. ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება.

ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტებია მიმდინარეობს, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მისი დაცულობისთვის.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ პრაქტიკული თანამშრომლობაზე, როცა საქმე კიბერ თავდაცვას ეხება. ვიმყოფებოდი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ მიმართულებით მუშაობის კოორდინირებაში. ამ თემაზე საუბარი შედგა თავდაცვის სამინისტროშიც, რომ დავეხმაროთ საქართველოს პრაქტიკული მექანიზმების დანერგვაში, რომ თავადაც იმუშაოს კიბერუსაფრთხოებაზე, რომელიც ასევე ფართო კიბერუსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის მესამე მიზანი რეფორმების განხილვაა.

„ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას.

გასულ კვირას NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან სადავო კანონი გაწვეულ იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა.

ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ პროგრესი განხორციელდეს, განსაკუთრებით, როდესაც ივლისში NATO-ს სამიტს ველოდებით. ალიანსის დღის წესრიგში ბევრი საკითხი იქნება, მაგრამ ასევე როგორია ჩვენი ჩართულობა საქართველოსთან, როგორ ვუყურებთ ფართო ინტეგრაციის თემებს, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური სიგნალი იყოს აქედან გაგზავნილი.

ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. NATO-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხალავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებულნი ვრჩებით, ეს ქვეყანა NATO-ს კიდევ უფრო მეტად დავუახლოვოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


აპატურაის თქმით, NATO საქართველოსთან თანამშრომლობას ზრდის.

„შემიძლია, სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში.

უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიდის საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას.

როგორი პოლიტიკური ენა იქნება [ვილნიუსის სამიტზე], რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, გულწრფელად არ ვიცი. დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ როგორი ენა იქნება”, - განაცხადა აპატურაიმ.