საელჩო: აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე მიმართონ

აშშ-ის საელჩო 2023 წელს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-მ და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.

„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივი სამხედრო აქტივობების ფართო სპექტრის განხორციელებას აგრძელებს.

წელს შეერთებული შტატები და საქართველო ერთობლივად ორიენტირებული არიან, რომ მაქსიმალურად გაზარდონ ურთიერთსასარგებლო სწავლებები საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რესურსები მივმართოთ ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე: „Agile Spirit” და „ღირსეული პარტნიორი” და მათ წარსულ წარმატებაზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ეფექტიანად გავაძლიეროთ საქართველოს ურთიერთთავსებადობა, მედეგობა და თავდაცვისუნარიანობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გუშინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლება „დამცველი 2023”-ში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის საკითხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.