NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში

„შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, რომ NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - საბჭოს დონეზე ყველა შეხვედრაზე, როდესაც ჩართულობაზე ვსაუბრობთ, მათ შორის მეზობლებზე რუსეთის ცუდი გავლენის კონტექსტში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაიმ მედიასთან შეხვედრაზე 3 მაისს.

უკვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდოთ, ამას ვაკეთებთ. ვიცი, რომ მიმდინარეობს საუბარი, ამ გაძლიერებული თანამშრომლობის პროგრამას მეტი ხორცი შეესხას“, - ამბობს ჯეიმს აპატურაი.

როგორი პოლიტიკური ენა იქნება ვილნიუსის სამიტზე, რომელიც ღია კარის პოლიტიკას შეეხება, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ეს „გულწრფელად არ იცის“, თუმცა ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

„დოკუმენტის წინასწარი ვარიანტიც არ არის წარდგენილი, მაგრამ ნათელია, ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რჩება და ამის არანაირ ცვლილებას არ ველი. ამდენად, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი ენა იქნება”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


აქვთ თუ არა NATO-ში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას. აპატურაიმ მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. მისი შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“.

აპატურაი ამბობს, რომ NATO გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე.

ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია უკრაინელების მიღებაზე, რომ რამდენიმე ათასი უკრაინელია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აწვდის მათ შვილებს განათლებას უკრაინულ ენაზე. როგორც მე ვიცი, უკრაინამ, ასევე, მიიღო რამდენიმე ათეული გენერატორი საქართველოსგან.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას, შეუერთდეს NATO-ს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს.
 
ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია, უკრაინის დასახმარებლად.
 
რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებული უნდა იყოს ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით.
 
საკვანძოა, რომ უკრაინა არამხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ მან გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

პოლიტიკური პოლარიზაცია
 
ჯეიმს აპატურაის შეფასებით, მართალია, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების ნახვა სურთ, მათ სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს, რაც შეშფოთების მიზეზია.

„საბოლოო ჯამში საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. მანამდე, სრულიად სიმართლეა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ NATO-ს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც NATO-ს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. პოლიტიკურ დონეზე არ მგონია, NATO-ს რომელიმე სხვა ქვეყანასთან უფრო ღრმა პრაქტიკული თანამშრომლობა ჰქონდეს.

სიმართლეა, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების განხოციელების ნახვა სურთ, ჩვენ ჩამოვთვალეთ ეს რეფორმები. მოკავშირეებს სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია უსაფრთხოების მხრივ ვითარების ცვლილების პარალელურად”, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ასევე წაიკითხეთ: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანამოაზრე დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ და ეს ასევე ნიშნავს ერთობლივ წვრთნებსაც - აპატურაი