გამოვრიცხავთ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე - სუს-ი

ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქ არ არსებობს საწვრთნელი ბანაკები და არ მიმდინარეობს ტერორისტების და მებრძოლების მომზადება. მეტსაც გეტყვით, სუს-ში დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიების ფარგლებში ჩვენ მოვიპოვეთ მასშტაბური და რეზონანსული ხასიათის ინფორმაცია, საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ოპერატიულად გავუზიარეთ ჩვენს პარტნიორებს.

ამასთან, ინფორმაცია მივაწოდეთ თურქულ მხარეს და შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა და სხვადასხვა დანაყოფებმა თურქეთის ორ ლოკაციაზე ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა გუშინ, 5 მაისს”, - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.