ევროპის დღეს, წელს განსაკუთრებული ემოციებით აღვნიშნავთ. ბევრი თაობის მცდელობა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა თავისი ისტორიული ადგილი, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი, ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი.
„2022 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რაც იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. რობერტ შუმანის დეკლარაციით შექმნილი ევროპული თანამეგობრობის იდეები და პრინციპები დღესაც ისეთივე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. ევროკავშირი იმის გააზრებას ეფუძნება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამწუხაროდ, ამ იდეამდე მისვლას ორი მსოფლიო ომი და ენით აღუწერელი ტრაგედიები დასჭირდა. საბედნიეროდ, ევროპამ შეძლო საკუთარი წარსულის გააზრება და მისი წევრები მშვიდობით და კეთილდღეობით შეაკავშირა.სწორედ ამიტომ არის ევროკავშირი ასე მიმზიდველი საქართველოს და თავისუფლების მოყვარე სხვა ერებისთვის, ეს არის მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის უნიკალური პროექტი.
ქართველებმა კარგად ვიცით თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ გადაიხადა. საქართველოს უახლესი ისტორია სავსეა თავისუფლების იდეისთვის გმირული ბრძოლის მაგალითებით. სწორედ ეს საამაყო და ამავე დროს, ტრაგიკული გამოცდილება, აგრეთვე, ჩვენი მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა კარგად წარმოაჩენს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მოსახლეობის კარგად გააზრებული ღირებულებითი და პრაგმატული არჩევანია, ევროპული ღირებულებები კი – ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შემადგენელი ნაწილი. ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს მტკიცე კავშირი ჰქონდა ევროპასთან და წვლილი შეჰქონდა ევროპული ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკით ჩვენი წვლილი შევიტანეთ თანამედროვე ევროპის სოციალური სახელმწიფოს და თანასწორობის იდეების განვითარებაში. საქართველო იყო პირველი ევროპული ქვეყანა სადაც, იმ დროისთვის, ყველაზე პროგრესული, სოციალ-დემოკრატიული იდეების მატარებელი პარტია ხელისუფლებაში მოვიდა; ნორვეგიის შემდეგ კი, საქართველო იყო მეორე ევროპული სახელმწიფო, სადაც ქალები არჩეულ იქნენ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის ევროპული იდეების დამკვიდრება, ჩვენთვის, არა უცხო პრინციპების გაზიარების, არამედ, საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფესვებთან მიბრუნების პროცესია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.