CRRC-საქართველოს კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 81% უჭერს მხარს

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტში, პროევროპულმა გამოსვლებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა.

კითხვაზე - გთხოვთ მითხრათ, თქვენ მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში? 2023 წლის მარტში პასუხები ასე გადანაწილდა:

81% - მხარს ვუჭერ; (2021 ნოემბერში და 2023 წლის აინვარში პასუხი 72% იყო)

8% - ვეწინააღმდეგები;

5% - ჩემთვის სულერთია;

6% - არ ვიცი/უარი პასუხზე.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%.

დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%.


NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალი თბილისის მოსახლეობასა და ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია.

მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი: 82%-სთვის მისაღებია; 9%-სთვის მიუღებელი; 8%-მა არ იცის.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 25 აპრილს გასაჯაროებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია.

ასევე წაიკითხეთ: რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება

ზემოთ აღნიშნული ორივე კვლევა მიმდინარე თვეს გამოქვეყნდა და მარტში ჩატარდა.