ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას - საია

ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აგრძელებს კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას და ამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ასევე მოუწოდებს პარლამენტს, გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები და გადადგას ქმედითი, რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.

„მიმდინარე წლის 8 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში ბიუროზე დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს. არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება.

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო.

გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია.

„შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ.

მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

- არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება;

  • გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის“,-აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„სამართლიანი არჩევნები" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კონსენსუსის წესით არჩევა, ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც. ამასთანავე, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

„იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შესარჩევად, პრეზიდენტის ნაცვლად, საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. 9-წევრიან საკონკურსო კომისიაში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენლის ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მიიღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა წარდგენაზე უარის თქმისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ. ამასთან, თუ პარლამენტის მიერ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება კონკურსში მონაწილე პირებიდან ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს წევრობის კანდიდატებს, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება", - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ განცხადებაში.

„სამართლიანი არჩევნებისა" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს.