ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

ის ცვლილებები, რომლებიც ახლა ხორციელდება, გვაშორებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, რეკომენდაციებისგან, -  ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ის ცვლილებები, რომელიც ახლა ხორციელდება მიმართულია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისკენ. ეს პირველი მცდელობა არ არის. საინტერესოა, ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ცვლილება ემსახურება 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც პირიქით არის. ეს გვაშორებს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისგან, იმ რეკომენდაციებისგან, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა. არ შეიძლება 1 ნაბიჯი გადადგა წინ და ორი ნაბიჯი უკან, ამით ვინმეს დაუახლოვდე, პირიქით, იქაც ვეღარ იქნები, სადაც იყავი, უკან იქნები. პრეზიდენტი, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, მოგახსენებთ თავის პოზიციას", - აღნიშნავს მსხილაძე.

პარლამენტში ინიცირებულია უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.