იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებს, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.
„ჩვენ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, მაგრამ დეტალები ჯერ არ დასრულებულა”, - განაცხადა მინისტრმა.
CNN-ი წერს, რომ იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შემთხვევაში, ეს პირველი მსგავსი ოფისი იქნება აზიაში.
„რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის საკითხით არ შემოისაზღვრება და ის პირდაპირ გავლენას ახდენს აქ, წყნარ ოკეანეში არსებულ ვითარებაზე. ამიტომაც თანამშრომლობა NATO-სა და ჩვენს, აღმოსავლეთ აზიას, შორის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.