უკრაინის ბრძოლის ველზე რთული ოპერატიული სიტუაციის გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ვერ შეუერთდება ოთხშაბათს, NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ალიანსის თავდაცვის მეთაურთა შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, მან ვალერი ზალუჟნისგან მიიღო შეტყობინება, რომ ვიდეოკონფერენციის საშუალებითაც ვერ ჩაერთვებოდა კომიტეტს.
„დღევანდელი დისკუსია თავდაპირველად ფოკუსირებული იქნება რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი 15 თვეა აწარმოებს ომს, როცა თავისი მიზნების მიღწევას სამ დღეში გეგმავდა. „გოლიათი“ შეფერხდა, რადგან დავითმა გამოავლინა გამორჩეული გამძლეობა და ტაქტიკური ბრწყინვალება, მსოფლიოს 50 ქვეყნის მხარდაჭერით“, - განაცხადა ადმირალმა.
მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო კომიტეტის წევრები მოისმენენ NATO-ში უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ სერხი სალკუტსანის პრეზენტაციას.
ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ ალიანსი კოლექტიური თავდაცვის ახალ ეპოქაში შედის.
„ჩვენ ერთობლივად ვიცავთ არამხოლოდ ჩვენი მილიარდი ადამიანისა და 31 ერის ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ, დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის, ყველასთვის ძვირფასია. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ამდენ შეიარაღებულ ძალებთან, ამდენი განსხვავებული შესაძლებლობებითა და კულტურებით, მართლაც უნიკალურია მსოფლიოში“, - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
NATO-ს სამხედრო კომიტეტი არის ალიანსის უმაღლესი სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანო, რომელიც მოკავშირეთა კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად, NATO-ს ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და განვითარების საჭიროებებს.