რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინფზე, რომელიც სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას მიუძღვნა.
სალომე ზურაბიშვილმა „მორიგ რუსულ პროვოკაციაზე“ მიუთითა და შეეცადა იმის ახსნას, თუ რას ემსახურება ეს პროვოკაცია.
პრეზიდენტის შეფასებით, შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის ბახმუტში, მაგრამ ის, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას, შესაძლოა, ეს იყო პასუხი, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საზოგადოების გამოწვევისთვის და ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე.
პრეზიდენტი ასევე დარწმუნებულია,რომ „საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს, პირიქით, გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც კარგად ესმის, როცა რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე“.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, რომ მოუსმინოს არა ხალხის ძალას, არამედ, ხალხის ხმას.
„სამწუხარო არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და ის არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და იმ მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს დათმობით არ პასუხობს, პასუხობს იმით, რომ რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მანვე ისაუბრა აუცილებელ ზომებზე, რომლებიც რუსეთის პროვოკაციული განცხადების საპასუხოდ უნდა მოქმედებდეს.
„ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ყველას ვიღებთ და ეს უკვე გამოჩნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება რომ მოხდეს ქვეყანაში. არ შეიძლება, რუსულენოვანი ბაგა-ბაღები გაიხსნას, სადაც არ იქნება აუცილებელი, რომ ქართული ენაც თანადროულად იყოს აუცილებელი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ. არ შეიძლება, რომ არ დაწესდეს სხვადასხვა ზომა სხვადასხვა პროფესიებზე და არის მოთხოვნები ადამიანებზე, რომლებიც ეწევიან ამა თუ იმ პროფესიას, ეს ნიშნავს ლიცენზირებას თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე.
- ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს ამ დღევანდელ სიტუაციაში, სადაც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები.
ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით, არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც, ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რაც ისმის სანქციების გვერდის ავლის შესახებ (რედ).
მე ვადასტურებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან.
- ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს „ხალხის ძალას“ კი არა, ხალხის ხმას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით, არის ერთიანი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.