„ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
კობახიძის თქმით, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „რუსეთისთვის სანქციის დაწესებით სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას“.
„ჩვენ მოგვიწია, თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია.
ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, საქართველოდან გასული პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.
ამ ადამიანებს უწევთ დღეს მაგალითად სხვა ქვეყნების გავლით, იგივე სომხეთის გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ 2019 წელს ამ ადამიანებს დაუწესა სასჯელი, სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ ეს არის ამ სანქციის მოხსნა.
ანუ, გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე ამ საკითხით და საბოლოო ჯამში დღეს ეს სანქცია მოიხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია გვაქვს განმარტებული, რატომ არ ვაკეთებთ ამას. მიზეზი აქაც მარტივია, ის, რომ რუსეთისთვის სანქციის დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.