იმპორტსა და ექსპორტს დაქვემდებარებული სატრანსორტო საშუალებები, საქართველოში ოპერაციებს ვერ განახორციელებენ - ფინანსთა მინისტრი

„როგორც ცალმხრივად იყო მიღებული გადაწყვეტილება ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ისე გახსნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ცალმხრივად არის მიღებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე გადაწყვეტილების საპასუხოდ აცხადებს.

მისივე განმარტებით, იმპორტსა და ექსპორტს დაქვემდებარებული სატრანსორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ.

„შესაბამისად, ეს არის სანქციების აღსრულების ის ჩარჩო და ის ნაწილი, რომელსაც საქართველო აქამდე ახორციელებდა, ახორციელებს დღესაც  და განახორციელებს მომავალში. შესაბამისად, ამ ნაწილში შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“,  - აღნიშნა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არ არსებობს.

„ყალბი მოლოდინების შექმნის საჭიროება არ არსებობოს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება“,- აღნიშნა  ლაშა ხუციშვილმა.


აშშ-ის გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.

გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.