ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს შეიძლება, უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. შარშანდელი მონაცემებით, ეს იქნებოდა სულ მცირე ეკონომიკის 10-პროცენტიანვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა.
ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. დღესაც, როდესაც კონკრეტული პირები ითხოვენ ამ სანქციების დაწესებას, იგივესთვის უნდათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამეტება, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის, სანქციებისთვის, მითუმეტეს ასეთი მძიმე დასჯისთვის, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
- ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
აშშ-ის გამოხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა.
Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.