უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა საინვესტიციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივები განიხილეს.
დისკუსია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ინვესტიციების და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯამშიდ ხოჯაევისა და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტისა და ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობის შეხვედრის დროს გაიმართა.
გარდა ამისა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურ დირექტორ ტალეჰ ზიადოვთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა, კერძოდ, ზომების მიღება საკონტეინერო მიმოსვლისა და საქონლის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის მიზნით.
ასევე, ხაზი გაესვა ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ბაზაზე უზბეკური საწყობების და საკონტეინერო ტერმინალების გახსნის პერსპექტივებს.
აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 2 ოქტომბერს დამყარდა. აზერბაიჯანის საელჩო უზბეკეთში 1996 წლის აგვისტოში დაარსდა, ხოლო უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში 1998 წლის ივლისში გაიხსნა.
აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2021 წელს 111,9 მილიონი დოლარი შეადგინა.