არ შეიძლება, ცესკოს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„პრეზიდენტს იმის რესურსი აქვს, საკითხზე კონსულტაციები მაინც გამართოს. ცესკო-ს საქმიანობაზე კარგი გამოცდილება, საერთაშორისო შეფასებები როცა არსებობს, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია ამის დაუფასებლობა, დაუნახაობა და მცდელობის გარეშე დატოვება, იქნებ, შეთანხმება მოხდეს. არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარე მუდმივად ექვსი თვით იყოს არჩეული, როცა მის წინაშე სერიოზული ამოცანებია. ყველა არჩევნებზე ცესკომ მაღალი კვალიფიკაცია აჩვენა, რაც მისასალმებელია. ადამიანი ამ თანამდებობაზე დანიშვნას როცა იმსახურებს და აქცენტების გადატანას ცდილობ, თურმე ოპოზიციის გარეშე ცესკო ვერ უნდა დაკომპლექტდეს და ამავე დროს, მობილიზებულია, საბოტაჟი გაუწიოს პროცესს, ამას სხვა პოლიტიკური კულტურა სჭირდება. ოპოზიციამ ეს ამ დრომდე ვერ გამოიჩინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 10 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.