ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა მარია ლიიმეტესმა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტი დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ჟოზეპ ბორელის რუსეთში ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული. მას სურს შეხვდეს ბორელს და ვიზიტის შედეგები განიხილონ.
„ვიზიტის დრო არასწორად იყო შერჩეული. ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ამ ვიზიტის ერთ-ერთი პირობა ალექსეი ნავალნისთან შეხვედრა უნდა ყოფილიყო.
2 თებერვალს, ისევე როგორც ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მეც დავგმე სასამართლოს გადწყვეტილება ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ნავალნი ისევ ციხეშია და მას უკვე წაუყენეს ბრალი "ახალი დანაშაულისთვის". საჭირო იყო ადგილზე ყოფნის დროს მასთან ან მის მეუღლესთან შეხვედრა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევა მარია ლიიმეტესის თქმით, ბორელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნდა აღენიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სისტემატური და ფართო დარღვევების გამო.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი მოსკოვში 5 თებერვალს ჩავიდა.