ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად დაასახელა „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა.
მაჭუტაძე ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა სხვადასხვა კონსენსუსურ მოდელზე. მისი თქმით, ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ, არ იყვნენ ინფორმირებულნი. მისივე თქმით, არაინფორმირებულობის გამო მოხდა შეცდომა.
პარლამენტის წევრი რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფს.
„იყო საუბრები ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ და ნატო ჩხეიძეები, ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებიან.
ჩვენ არ გვქონია კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, არ გვქონია არცერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“, მის არცერთ წარმომადგენელთან. ჩვენ რასაკვირველია, არაფერი გვაკავშირებს კლანთან.
იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და ისედაც აქვთ მათ იქ უმრავლესობა. მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში და როგორც მოქალაქეები, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო კლანს, რომელიც არსებობს ქვეყნის სისტემაში და რომელიც საერთაშორისოდ არის დადასტურებული, სხვა არაერთი მოსაზრებების გამო“, – განაცხადა მაჭუტაძემ.
დღეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ მისცა ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს.
მომხდარს გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და „ანტიეროვნული აქტი" უწოდა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში ოპოზიციის ზოგი დეპუტატის მონაწილეობას.
17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.
29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.
იქედან გამომდინარე, რომ კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო და მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ „ხალხის ძალას" ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, გაჩნდა ეჭვი, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.
ამის გამო, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
პარლამენტის წევრი „ლელოდან", ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი „ქართულმა ოცნებამ" „იყიდა“.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის„ ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკით მოხვდა, განაცხადა, რომ აპირებდა, ყველა კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ 29-ვე კანდიდატის მხარდაჭერას ფიქრობდა, თუმცა, მეორე მხრივ, არ ადასტურებს, რომ ხმა მისცა იმ არამოსამართლე წევრებს, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა.
სადავო გადაწყვეტილების კიდევ ერთი ავტორის, ნატო ჩხეიძის თქმით კი, მათი მხრიდან ვინმესთან გარიგებაზე საუბარი არასწორია და ფრაქციიდან გასვლას რაც შეეხება, ეს შეიძლება, ადრეც, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების დროსაც მომხდარიყო.
დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ნიკა მაჭუტაძის, ნატო და როსტომ ჩხეიძეების მიერ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ, რომ მიეღოთ მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ განმტკიცებას“.
მისივე თქმით, სხვაგავრად იძულებული იქნებოდნენ, ცალმხრივად მიეღოთ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების” მადლობა გადაუხადა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი დაუჭირეს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხსენებულმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, ეს დეპუტატები არიან გარიგებულნი არა ვინმესთან, არამედ, კანდიდატის სტატუსთან.