გამოცემა Business Insider-მა სტატია მოამზადა რუსეთის ქალაქ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „პუტინის სასახლეზე“ და მასალას ნახაზები დაურთო. ამ ინფორმაციას გამოცემაზე დაყრდნობით, „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ჟურნალისტების თქმით, დოკუმენტები ინტერნეტში სულ მცირე 2016 წლიდან არის თავისუფლად ხელმისაწვდომი,
გაწეული სამუშაოს მაგალითის სახით ის საპროექტო კომპანია „მეტროსტაილის“ საიტზე განთავსდა და ობიექტი იქ პანსიონატის სახელით გვხდება.
როგორც Business Insider-ი წერს, ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ნახაზებში ჩანს, რომ მამულს მიწისზედა ნაწილის გარდა მიწისქვეშა სართულებიც აქვს. მიწისქვეშ არის განთავსებული ოთახები და გვირაბები. ლიფტი შენობიდან ეშვება დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე. მიწისქვეშა ნაწილს აქვს ვენტილაცია, ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და საკომუნიკაციო კაბელები.
ბეტონის გარსითაა დაცული 6 მეტრის სიგანის და 40-60 მეტრი სიგრძის ორი გვირაბი, რომლებსაც, სპეციალისტების შეფასებით, შეუძლიათ, ბომბით პირდაპირ დარტყმას გაუძლონ. ერთი გვირაბი ქვიშიან ფერდობზე გადის, მეორე კი - შავი ზღვის სანაპიროზე. ინჟინერ-მშენებლის, ტადეუშ გაბრიშევსკის შეფასებით, ეს გვირაბები განკუთვნილია გასაქცევად ან სიცოცხლის გადასარჩენად და არა უბრალოდ ავარიული გასასვლელი, არამედ, სასახლის კომპლექსის სრულფასოვანი შემცვლელია.
„პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია, იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას.
2010 წელს, ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა განაცხადა, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო.
2021 წლის 19 იანვარს, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე „პუტინის სასახლის" შესახებ.
თავად პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნის არაფერი იქედან, რაც ფილმში წარმოდგენილი იყო, როგორც მისი ქონება.