კულება დარწმუნებულია, რომ „საავიაციო კოალიცია“ წელს ჩამოყალიბდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას ეჭვი არ ეპარება, რომ საავიაციო კოალიცია წელს შეიქმნება. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.

„არიან ქვეყნები, რომლებმაც, პრინციპში, განაცხადეს, რომ მზად იქნებიან, უზრუნველყონ ეს დასავლური თვითმფრინავები შესაბამისი კოალიციის შემადგენლობაში. ეს ყველაფერი პრეზიდენტის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია. და ყველა ჩვენგანის, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კულებამ.


დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.

დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.