დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისი განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს.
„მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად.
პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა.
მისივე განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი.
„იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი.
საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულია 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა.
გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ამავე მოსმენაზე ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით მოქმედებს.