სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 962.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 50.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 986.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 77.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 178.5 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 147.9 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 122.2 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 253.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 25.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 84.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 78.4 მლნ. აშშ დოლარით.