მათი ყველა განცხადება, ყველა ქმედება არის ფარსი, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყვარელში პროტესტთან დაკავშირებით ჟუნალისტის კითხვას.
„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, გადახედეთ, წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებული არიან. თვითონ აღიარებენ ამას და პირდაპირ კომენტარებშიც არ ერიდებიან საუბარს, ამბობენ, თითქოს მაშინ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კუთხით სხვა ვითარება იყო, არ ვიცი, რა ვითარებაზე საუბრობენ, 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო, თუმცა თურმე მაშინ, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება, ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ადამიანები. უბრალოდ მაშინ უთხრეს, უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, დღეს უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებული, ამ თამაშს თამაშობენ, ეს ძალიან მარტივია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.