ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - პაპუაშვილი

ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან - ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკური დაცულობის გარანტიას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავად ოპოზიციამაც აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

"ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას.

ჩვენ გვაქვს გარკვეული მდგომარეობა რუსეთთან, მათ შორის ის, რომ ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ნებისმიერი დამატებითი სანქციების დაწესება ესკალაციას ნიშნავს. ამ რისკის წინაშე არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურდა როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო ვიდრე 2021 წელს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს, დილიდან მიმდინარეობდა. ისინი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარიას“ ჩართეს.