ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ჯაფარიძის განცხადებით, მან ორი თვის წინ მოითხოვა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, პარლამენტი კი სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე უარს ეუბნება, რისი უფლებაც მას არ აქვს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა, რადგან მიაჩნია რომ „სიგიჟეა“, ადამიანს ავალებდნენ მუშაობდეს იქ, სადაც არ სურს მუშაობა.

„ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება. საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ სადეპუტატო მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდნენ, გინდა თუ არა აქ იმუშავეო. დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა", - თქვა ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

საპარლამენტო უმრავლესობამ 2 თებერვალს გააკეთა განცხადება რომ პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს აღარ განიხილავს. მანამდე კი "ქართულმა ოცნება" საკითხის კენჭისყრა 2 თებერვალს დააანონსა. კენჭისყრამდე, ევროკავშირის ელჩმა, საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტში შესულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უმრავლესობას მოუწოდეს, ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თავი შეეკავებინა.